სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, აშშ საქართველოსთვის $88 მილიონის გამოყოფას გეგმავს.
„აშშ-ის დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და კრემლის მავნე გავლენასთან გამკლავებას. დაფინანსება ხელს შეუწყობს ინსტიტუციური ურთიერთშეკავებისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას, უფრო ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას; გააუმჯობესებს დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე წვდომას; ხელს შეუწყობს პოლიტიკურ პლურალიზმს; მხარს დაუჭერს შერიგების მცდელობებს, მათ შორის აფხაზეთში; გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის განვითარებას; ხელს შეუწყობს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად; ხელს შეუწყობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის გაფართოებას; ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების, აგრეთვე ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას და რუსეთის მავნე გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ინტეგრაციას“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში.
საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის ხაზით „ევროპისა და ევრაზიის“ დახმარების პროგრამისთვის, რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარი საქართველოა, სახელმწიფო დეპარტამენტი 24.9 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს.
ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და წვრთნის პროგრამები აძლიერებს როგორც რეგიონალურ უსაფრთხოებას, ასევე ურთიერთქმედებას აშშ-ის, ნატოს და ევროპულ შეიარაღებულ ძალებს შორის და ეხმარება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რაც შეეხება საგარეო სამხედრო დაფინანსების ხაზს, „ევროპისა და ევრაზიის“ დახმარების პროგრამისთვის სახელმწიფო დეპარტამენტი 352 მილიონი დოლარის გამოყოფას გეგმავს, რომლის პრიორიტეტული მიმღებები უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა არიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა სულ $60,4 მილიარდია, რაც 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს $1,9 მილიარდით აღემატება.
აღნიშნული დოკუმენტი უკრაინისთვის რუსეთის წინასწარ განზრახული, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ინტერვენციის ფონზე, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის $1,6 მილიარდის გამოყოფას ითვალისწინებს.